თაჯ–მაჰალი



დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...

ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო..

No comments:

Post a Comment